2 უფასო გაკვეთილი

ზოგადი უნარები - ვერბალური ნაწილი

ყველა უფასო გაკვეთილზე

კონსპექტი / ტექსტური მასალა

ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ტესტი შედგება 40 შეკითხვისაგან. თითოეული საკითხი ფასდება ან 0 ან 1 ქულით. საკითხი 1 ქულით ფასდება, თუ დაფიქსირებულია სწორი პასუხი, ხოლო 0 ქულით - ყველა დანარჩენ შემთხვევაში [თუ საკითხს არ უპასუხეთ ან უპასუხეთ შეცდომით]. ტესტის ამ ნაწილის შესასრულებლად განკუთვნილი დრო არის 1 საათი და 35 წუთი. ამ დროში უნდა მოასწროთ, როგორც საკითხების გადაწყვეტა, ასევე პასუხების დაფიქსირება სპეციალურ ფურცელზე.

 

ვერბალური ნაწილის ტესტში შეგვხვდება ოთხი განსხვავებული სტილის დავალება. ესენია:

  • ანალოგიები [რაც გულისხმობს სიტყვათა მოცემულ წყვილში მიმართების დადგენას და ამავე მიმართების მქონდე სხვა სიტყვათა წყვილის პოვნას]
  • წინადადების შევსება [ამ დავალებაში უნდა შეავსოთ წინადადების გამოტოვებული ადგილები სიტყვებით ისე, რომ მიღებული წინადადება იყოს ლოგიკურად და გრამატიკულად გამართული]
  • ლოგიკა [ამ ტიპის დავალებებში აპლიკანტს მოეთხოვება მოცემული დებულებებიდან დასკვნის გამოტანა]
  • წაკითხული ტექსტის გააზრება [მოცემულია 300-400 სიტყვიანი, პოპულარული ენით დაწერილი ტექსტი და აპლიკანტმა მხოლოდ ამ ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა უპასუხოს შეკითხვებს]

 

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ანალოგიების დავალებებიდან.

სიტყვათა წყვილს შორის უამრავი მიმართება შეიძლება მოვძებნოთ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული მიმართებაა სინონიმები.

 

მაგალითი #1

მოსწავლე : მოწაფე

ა) ავადმყოფი : სნეული

ბ) არქიტექტურა : ჩუქურთმა

გ) თბილი : ცხელი

დ) მასწავლებელი : ლექტორი

ე) სარკაზმი : იუმორი

სიტყვათა საწყის წყვილს შორის მიმართებაა სინონიმები. მათ აქვთ ერთი და იგივე მნიშვნელობები. პასუხების ვარიანტებში უნდა მოვძებნოთ იმავე მიმართების მქონე სხვა სიტყვათა წყვილი.

პასუხის (ა) ვარიანტი ჭეშმარიტია. ავადმყოფი და სნეული ერთი და იმავე მნიშნელობის მქონე სიტყვათა წყვილია.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. არქიტექტურა არის შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელვნება, რომლის პროდუქტიც შეიძლება იყოს ჩუქურთმა.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. თბილი და ცხელი კი არის დადებითი ტემპერატურის მქონე, თუმცა მხოლოდ ამ მიზეზით შეუძლებელია მათი ჩათვლა სინონიმებად. მათ შორის არის ხარისხობრივი განსხვავება. ცხელი არის უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. ლექტორი არის მასწავლებლის კონკრეტული ტიპი. ის არის მასწავლებელი უმაღლეს დაწესებულებაში.

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. სარკაზმი არის დამცინავი იუმორი, თუმცა იუმორი ყოველთვის არ გულისხმობს სარკაზმს, ამიტომ სიტყვათა ეს წყვილი ვერ ჩაითვლება სინონიმებად.

სწორი პასუხია (ა)

 

 

მაგალითი #2

თეთრი : ქათქათა

ა) გრძელი : მოგრძო

ბ) ჯიუტი : დამყოლი

გ) მსუქანი : სრული

დ) ლამაზი : ულამაზესი

ე) უგრძესი : გრძელი

სიტყვათა საწყის წყვილს შორის მიმართებაა სინონიმები. მათ აქვთ ერთი და იგივე მნიშვნელობები, თუმცა არის ხარისხობრივი განსხვავება - ქათქათა არის მეტისმეტად თეთრი. პასუხების ვარიანტებში უნდა მოვძებნოთ იმავე მიმართების მქონე სხვა სიტყვათა წყვილი.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. მოგრძო არ ნიშნავს ძალიან გრძელს.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. ჯიუტი და დამყოლი ანტონიმებია, ანუ საპირისპირო მნიშნელობის მქონე სიტყვებია.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. მსუქანი არის სრულის აღმატებული ხარისხი. საწყის სიტყვათა წყვილში კი აღმატებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა მარჯვნივ წერია.

პასუხის (დ) ვარიანტი ჭეშმარიტია. ულამაზესი არის ლამაზის აღმატებითი ხარისხი. ისევე, როგორც საწყის სიტყვათა წყვილში, აღმატებითი ხარისხის მქონე სიტყვა მარჯვნივ წერია.

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. უგრძესი კი ნიშნავს ძალიან გრძელს, მაგრამ ეს პასუხი სწორი იქნებოდა, თუ სიტყვებს დავალაგებდით უკუ თანმიმდევრობით.

სწორი პასუხია (დ)

 

 

განვიხილოთ კიდევ ერთი მიმართება - ანტონიმები. ანტონიმები არის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები.

 

მაგალითი #3

მაღალი : დაბალი

ა) თეთრი : ქათქათა

ბ) მძიმე : მსუბუქი

გ) ღამე : საღამო

დ) წითელი : მწვანე

ე) წვიმა : ქარი

სიტყვათა საწყის წყვილს შორის მიმართებაა ანტონიმები. მათ აქვთ საპირისპირო მნიშნელობები. პასუხების ვარიანტებში უნდა მოვძებნოთ იმავე მიმართების მქონე სხვა სიტყვათა წყვილი.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. ქათქათა არ გამორიცხავს თეთრს. მეტიც, ქათქათა არის ძალიან თეთრი, მეტისმეტად თეთრი.

პასუხის (ბ) ვარიანტი ჭეშმარიტია. მძიმე და მსუბუქი საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებია.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. ღამის საპირისპირო მნიშნელობის მქონე სიტყვაა დღე, ხოლო საღამოს საპირისპიროა დილა.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. წითლის ანტონიმი თუ არის მწვანე, მაშინ რატომ არ არის ლურჯი? J

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. წვიმა და ქარი არ არის ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები. ორივე არის უამინდობა და მათი, ორივეს ანტონიმია დარი, ანუ კარგი ამინდი.

სწორი პასუხია (ბ)

 

 

მაგალითი #4

ცივი : ცხელი

ა) დამდნარი : თხევადი

ბ) ცეცხლი : ყინული

გ) მძიმე : მსუბუქი

დ) ძნელი : შრომატევადი

ე) სიგრილე : ყინვა

სიტყვათა საწყის წყვილს შორის მიმართებაა ანტონიმები. მათ აქვთ საპირისპირო მნიშნელობები. პასუხების ვარიანტებში უნდა მოვძებნოთ იმავე მიმართების მქონე სხვა სიტყვათა წყვილი.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. დამდნარი ნიშნავს იმას, რომ ნივთიერება უკვე არის თხევად მდგომარეობაში.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. ანტონიმები არის არა ცეცხლი და ყინული, არამედ მათ მიერ გამოწვეული ტემპერატურული შეგრძნებები - ცხელი და ცივი.

პასუხის (გ) ვარიანტი ჭეშმარიტია. მძიმე არის მსუბუქის ანტონიმი.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. თუ რამე არის ძნელი, არ არის გამორიცხული, რომ იყოს შრომატევადიც.

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. სიგრილესა და ყინვას შორის არის ხარისხობრივი განსხვავება - ყინვა არის სიგრილის აღმატებითი ხარისხი.

სწორი პასუხია (გ)

 

 

განვიხილოთ მიმართება - ზოგადი : კერძო.

 

მაგალითი #5

მეცნიერება : მათემატიკა

ა) ცხოველი : პინგვინი

ბ) ავსტრალია : კონტინენტი

გ) ასტრონომია : ასტროლოგია

დ) უდაბნო : საჰარა

ე) ღამურა : ცხოველი

მათემატიკა არის მეცნიერების კონკრეტული მიმართულება. მოცემულ სიტყვათა წყვილს შორის მიმართებაა ზოგადი : კერძო. ვიპოვოთ ისეთი სიტყვათა წყვილი, სადაც მარცხნივ წერია ზოგადი, ხოლო მარჯვნივ - კერძო.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. პინგვინი არ არის ცხოველი. ის ფრინველია.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. ჭეშმარიტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, სიტყვათა ეს წყვილი რომ ეწეროს უკუ თანმიმდევრობით იმიტომ, რომ ავსტრალია არის კონტინენტის კერძო ვარიანტი.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. ასტრონომია და ასტროლოგია არის სხვადასხვა მეცნიერებები. არცერთი არ არის მეორის ზოგადი.

პასუხის (დ) ვარიანტი ჭეშმარიტია. საჰარა არის კონკრეტული უდაბნო.

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. ჭეშმარიტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეწერებოდა უკუ თანმიმდევრობით.

სწორი პასუხია (დ)

 

 

მაგალითი #6

მეტრო : ტრანსპორტი

ა) ვარსკვლავი : თანავარსკვლავედი

ბ) არქიპელაგი : კუნძული

გ) ლექტორი : პროფესორი

დ) მიკროორგანიზმი : ამება

ე) კოლბა : ჭურჭელი

მეტრო არის ტრანსპორტის კერძო სახეობა. მოცემულ სიტყვათა წყვილს შორის მიმართებაა კერძო : ზოგადი.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. თანავარსკვლავედი არის ვარსკვლავების ერთობლიობა.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. არქიპელაგი არის კუნძულების ერთობლიობა.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. ლექტორი არ არის პროფესორის კერძო შემთხვევა იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი იყოს ლექტორი, მაგრამ არ იყოს პროფესორი.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. ჭეშმარიტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეწერებოდა უკუ თანმიმდევრობით.

პასუხის (ე) ვარიანტი ჭეშმარიტია. კოლბა არის ჭურჭლის კონკრეტული სახეობა. ის არის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში.

სწორი პასუხია (ე)

 

 

განვიხილოთ მიმართება - ერთი ზოგადის ორი კერძო.

 

 

მაგალითი #7

საზამთრო : ნესვი

ა) თევზი : კალმახი

ბ) გუაში : მოლბერტი

გ) ფანქარი : საშლელი

დ) კომეტა : ციური სხეული

ე) კომში : ბია

საზამთრო და ნესვი არის ერთი ზოგადის ორი კერძო. ორივე არის ბაღჩეული კულტურა.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. კალმახი არის თევზის სახეობა. ანუ ამ სიტყვათა წყვილს შორის არსებული მიმართებაა ზოგადი : კერძო.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. გუაში არის მასალა, რითიც ხატავს მხატვარი, ხოლო მოლბერტი არის დამხმარე საშუალება, რომელზეც არის შესაძლებელი ტილოს მოთავსება ხატვის დროს.

პასუხის (გ) ვარიანტი ჭეშმარიტია. ფანქარი და საშლელი, ორივე არის საკანცელარიო ნივთი.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. კომეტა არის ციური სხეულის ერთ-ერთი სახეობა.

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. კომში და ბია არის ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე სიტყვები. ორივე არის ერთი და იმავე ხილის სახელი.

სწორი პასუხია (გ)

 

 

მაგალითი #8

ვეფხვი : ლომი

ა) იხვი : ბატი

ბ) არწივი : ქორი

გ) ძაღლი : კატა

დ) სკამი : მაგიდა

ე) მგელი : აფთარი

ვეფხვი და ლომი არის ერთი ზოგადის ორი კერძო. ორივე არის გარეული, მტაცებელი ცხოველი.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. იხვი და ბატი კი არის ერთი ზოგადის ორი კერძო [ორივე ფრინველია], მაგრამ სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც ეს პასუხი ვერ ჩაითვლება სწორად.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. არწივი და ქორი კი არის ერთი ზოგადი ორი კერძო [ორივე გარეული ფრინველია], მაგრამ სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც ეს პასუხი ვერ ჩაითვლება სწორად.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. ძაღლი და კატა კი არის ერთი ზოგადი ორი კერძო [ორივე შინაური ცხოველია], მაგრამ სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც ეს პასუხი ვერ ჩაითვლება სწორად.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. სკამი და მაგიდა კი არის ერთი ზოგადი ორი კერძო [ორივე ავეჯია], მაგრამ სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც ეს პასუხი ვერ ჩაითვლება სწორად.

პასუხის (ე) ვარიანტი ჭეშმარიტია. მგელი და აფთარი არის ერთი ზოგადის ორი კერძო. ორივე გარეული, მტაცებელი ცხოველია.

სწორი პასუხია (ე)

 

 

განვიხილოთ მიმართება - სახეობა : ნაშიერი.

 

მაგალითი #9

ვეფხვი : ბოკვერი

ა) თევზი : ლიფსიტა

ბ) კნუტი : კატა

გ) არწივი : მართვე

დ) ადამიანი : ბავშვი

ე) კატა : კნუტი

მოცემულ სიტყვათა წყვილს შორის მიმართება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე - ვეფხვის შვილს ჰქვია ბოკვერი. ვიპოვოთ ანალოგიური მიმართების მქონე სიტყვათა წყვილი.

პასუხის (ა) ვარიანტი მცდარია. თევზის შვილს კი ჰქვია ლიფსიტა, მაგრამ პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც პასუხის ეს ვარიანტი იქნება მცდარი.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. პასუხი იქნებოდა სწორი, სიტყვათა ეს წყვილი რომ ეწეროს უკუ თანმიმდევრობით.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. არწივის შვილს კი ჰქვია მართვე, მაგრამ პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც პასუხის ეს ვარიანტი იქნება მცდარი.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. ადამიანის შვილს კი ჰქვია ბავშვი, მაგრამ პასუხების ჩამონათვალში გვაქვს ისეთი ვერსიაც, რომლის გამოც პასუხის ეს ვარიანტი იქნება მცდარი.

პასუხის (ე) ვარიანტი ჭეშმარიტია. კატის შვილს ჰქვია კნუტი, ამავდროულად კატა და ვეფხვი, ორივე, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.

სწორი პასუხია (ე)

 

 

მაგალითი #10

კოზაკი : აქლემი

ა) ხბო : ძროხა

ბ) ხუნდი : მტრედი

გ) ბავშვი : ადამიანი

დ) ლეკვი : ძაღლი

ე) ცხენი : კვიცი

კოზაკი არის აქლემის შვილი [ასევე აქლემი ჩლიქოსანი ცხოველია და ამ ფაქტის გათვალისწინება დაგვჭირდება პასუხების განხილვისას]. ვიპოვოთ ის სიტყვათა წყვილი, სადაც მარცხნივ ეწერება ნაშიერის სახელი, ხოლო მარჯვნივ - მშობლის.

პასუხის (ა) ვარიანტი ჭეშმარიტია. ხბო არის ძროხის ნაშიერი. ძროხა ცხოველია.

პასუხის (ბ) ვარიანტი მცდარია. ხუნდი არის მტრედის შვილი, მაგრამ მტრედი ფრინველია.

პასუხის (გ) ვარიანტი მცდარია. ადამიანი არ არის ცხოველი.

პასუხის (დ) ვარიანტი მცდარია. ძაღლი არის ცხოველი, მაგრამ არა ჩლიქოსანი.

პასუხის (ე) ვარიანტი მცდარია. სწორი იქნებოდა მაშინ, როდესაც ეწერებოდა უკუ თანმიმდევრობით.

სწორი პასუხია (ა)

 

მოსამზადებელი კურსები

ონლაინ კურსები

მათემატიკა

სრული კურსი: 199 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა

ზოგადი უნარები
მათემატიკური ნაწილი

სრული კურსი: 100 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა

ზოგადი უნარები
ვერბალური ნაწილი

სრული კურსი: 100 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა

ქართული
ენა და ლიტერატურა

სრული კურსი: 149 ₾

ვიდეო გაკვეთილები

ტესტები

კონსპექტები

საშინაო დავალებები

ვრცლად ნიმუშის ნახვა ყიდვა განვადებით ყიდვა
განვადება